გამარჯობა, მე ნიკა გაბუნია ვარ. დიახ, დიახ, ის ნიკა გაბუნია შემოქმედებითი კონკურსიდან. ჩემი აზრით, საკონკურსოდ ძალიან კარგი თემა იყო - “მწვანე თავგადასავალი” პირველად ამ სახელის გაგონებისას მახსენდება - ლამაზი ტყეები, ჰორიზონტამდე მინდვრები, ღრუბლებს მიწვდენილი მთები... ამ თემაზე შემეძლო დამეწერა სიყვარულის ისტორია, რომანი, ლექსი საქართველოს მთებზე... მაგრამ მე დავწერე როგორ დაიკარგა ბავშვი...
პირველად, მინდა მადლობა გადავუხადო კონკურსის ორგანიზატორებს. ამ კონკურსის მეშვეობით ბევრი ადამიანი გავიცანი და გავიგე სხვადასხვა აზრი. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს მხარდამჭერებს.
 
ახლა ვიმყოფები შერვუდის ინგლისურენოვან ბანაკში, ბაკურიანში. ძალიან ლამაზი გარემოა, სუფთა ჰაერი და რა თქმა უნდა მხიარული მონაწილეები. მიუხედავად იმისა, რომ სახლში ბებოს კატასავით გევრდიდან გვერდზე გადაგორება დღეში აქტივობების მაქსიმუმია და დღის ძირითადი მარშუტი ტელევიზორი - კომპიუტერია (პარკეტზე უკვე მკვეთრი ბილიკი ჩანს ტელევიზორიდან კომპიუტერამდე) აქ მშვენივრად ვერთობი. ყოველი დღე განსხვავებულია წინასგან და შემდეგისგან. ყოველ საღამოს რაღაც საინტერესო ღონიძიებაა, რომელზეც სამივე ჯგუფის წევრები ვერთობით. ეს გართობა ტკბილი აჯიკასავით არადამაკმაყოფილებელი იქნებოდა, თუ არა შესანიშნავი ჯგუფის ლიდერები.
 
დღეში 3 საათი ინგლისური ენის გაკვეთილი რასისტსაც აალაპარაკებს ბრიტანული აქცენტით. რომ გითხრათ რომ ეს 3 საათი მოსაწყენია მოგატყუებთ (მეგრელებს არ გვჩვევია). აქ სწავლა შეხამებულია გართობასთან და ზოგჯერ ვერც ვიგებთ 3 საათი როგორ გადის. ხან თემებს ვწერთ, ხან ინტერაქტიულ თამაშებს ვთამაშობთ, ხან ვლაპარაკობთ სხვადასხვა თემებზე.
ინგლისური, თამაშები, სამჯერადი კვება, ვაი ფაი... უკეთეს ვერ ინატრებ... ზუსტად ის არის რაც XXI საუკუნის ბავშვს სჭირდება
 
ნიკა გაბუნია,
ბანაკ შერვუდიდან
 
14 ივლისი 2016 წელი